დაგვიკავშირდით 0322 508 106
მიმდინარე წლის 25-29 აგვისტოს ნიდერლანდების დედაქალაქ ამსტერდამში ევროპის კარდიოლოგთა საზოგადოების მიერ გაიმართა ყოველწლიური კარდიოლოგთა საერთაშორისო კონგრესი. მასში მონაწილეობა მიიღო 30 000-მდე დელეგატმა, 4 500 მომხსენებელმა და ევროპის ქვეყნების ეროვნულმა საზოგადოებებმა.საქართველოდან კონგრესს 50-მდე კარდიოლოგი ესწრებოდა, მათ შორის 40 წლამდე კარდიოლოგთა უმრავლესობამ საქართველოს კარდიოლოგთა საზოგადოების ეგიდით თავისუფალი რეგისტრაციის უფლებით ისარგებლა. კონგრესზე დასწრება ასევე შესაძლებელი იყო ონლაინ რეჟიმში.
24.08.2023 საქართველოს კარდიოლოგთა საზოგადოებამ კოსოვოსა და სლოვაკეთის კარდიოლოგთა საზოგადოებებთან ერთად მიიღო მონაწილეობა გაერთიანებულ სესიაში, რომელზეც წარმოდგენილი იყო კლინიკური შემთხვევა ჩვენი პრაქტიკიდან, სესიის თანათავმჯდომარე კოსოვოს და სლოვაკეთის საზოგადოებების წარმომადგენლებთან ერთად იყო კარდიოლოგთა საზოგადოების პრეზიდენტი არჩილ ჩუხრუკიძე. საქართველოს კარდიოლოგთა საზოგადოება პირველად წარსდგა მსგავს დიდ ფორუმზე დამოუკიდებელი მოხსენებით, რომელიც წარმოადგინა საზოგადოების ვიცე პრეზიდენტმა ხათუნა ჯალაბაძემ. თემის დასახელება: “Diagnostics and Management of Secondary Mitral Regurgitation”. წარმოდგენილ თემებზე გამართულ დისკუსიაში აქტიური მონაწილეობა მიიღეს ქართველმა კარდიოლოგებმაც. სესიის დასასრულს საქართველოს კარდიოლოგთა საზოგადოების პრეზიდენტმა არჩილ ჩუხრუკიძემ კოსოვოს და სლოვაკეთის კარდიოლოგთა საზოგადოებებს სამახსოვროდ გადასცა მხატვარ ქეთევან მატაბელის მიერ შექმნილი ფოლიანტები.
საქართველოს კარდიოლოგთა საზოგადოების პრეზიდენტს არჩილ ჩუხრუკიძეს შეხვედრები ჰქონდა ევროპის კარდიოლოგთა საზოგადოების პრეზიდენტთან ბატონ ფრანც ვედინგერთან და მომავალ პრეზიდენტ ბატონ თომას ლუშერთან.
ასევე საინტერესო შეხვედრები შედგა თურქეთის, ისრაელის, უკრაინის, აზერბაიჯანის, სომხეთის, მაკედონიის კარდიოლოგთა საზოგადოებების ხელმძღვანელებთან. გამოითქვა ორმხრივი თანამშრობლობის სურვილი და დაისახა სამომავლო გეგმები.
წარმომადგენლობითი და გამორჩეული იყო საქართველოს კუთხე, სადაც წარმოდგენილი იყო მხატვარ თამარ ფოცხიშვილის მიერ შექმნილი კონცეფცია – ,,მედეადან თანამედროვე მედიცინამდე“, საქართველოს კარდიოლოგთა საზოგადოების ორგანიზებით შექმნილი ვიდეორგოლი, რომელიც მოგვითხრობდა კარდიოლოგთა საზოგადოების მოკლე ისტორიას, ქართული ეროვნული საგანძურის, ისტორიული ძეგლებისა და ქალაქების შესახებ.
უცხოელი კოლეგების დიდ ყურადღება იპყრობდა მხატვარ ქეთევან მატაბელის მიერ ისტორიულ მოტივებსა და ეროვნულ საგანძურზე დაყრდნობით შექნილმა ფოლიანტმა,კოგრესის მონაწილეებს შესაძლებლობა ჰქონდათ ქართულ კუთხეში დაეგემოვნებინათ ქართული ღვინო და ეროვნული ნუგბარი.
ჩვენი ქვეყნის ისტორიის, ღირსშესანიშნაობების, ქართული მედიცინის, გამოწვევების,სამომავლო გეგმებისა და აქტიური ურთიერთთანამშრომლობის შესახებ ესაუბრებოდნენ ქართველი ახალგაზრდა კარდიოლოგები უცხოელ კოლეგებს.
საქართველოს კარდიოლოგთა საზოგადოების მონაწილეობით გამართულ სესიას დაესწრო და ქართული კუთხე მეუღლესთან ერთად მოინახულა საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ნიდერლანდების სამეფოში დავით სოლომონიამ.
საქართველოს კარდიოლოგთა საზოგადოება მადლობას უხდის ქართველ ექიმებს, განსაკუთრებული მხარდაჭერისთვის ახალგაზრდა კარდიოლოგებს, მათი აქტიურობისა და ჩართულობისთვის.
საქართველოს კარდიოლოგთა საზოგადოება მადლობას უხდის საქართველოში მოქმედ სამედიცინო კომპანიებს,რომლებმაც მონაწილობა მიიღეს ქართული კუთხის ორგანიზებაში: Berlin-Chemie, Servier, EGIS, KRKA, GMP, Acino, Abbott, Gedeon-Richter, Novartis.
შეგახსენებთ, რომ კონგრესი აკრედიტირებული იყო უწყვეტი სამედიცინო განათლების ევროპული აკრედიტაციის საბჭოს მიერ,რომელიც მოიცავს მაქსიმუმ 28 CME კრედიტ-ქულას.
Comments are closed