ავთანდილ ჯორბენაძის მემორიალური რეზიდენტთა სამეცნიერო კონფერენცია

ბოლო ათწლეულების განმავლობაში კარდიოლოგიის სწავლების პროგრამებში და ბაზისურ კურიკულუმში მნიშვნელოვანი ცვლილებები განხორციელდა. სამეცნიერო აქტივობა და კლინიკური თუ ექსპერიმენტული კვლევის საფუძვლების სწავლება თანამედროვე კარდიოლოგიის სასწავლო პროგრამის განუყოფელ ნაწილად იქცევა.

კვლევითი საქმიანობა ხელს უწყობს ახალგაზრდა ექიმის კრიტიკული აზროვნებისა და პრობლემების გადაჭრის უნარების განვითარებას, რაც მათ საშუალებას აძლევს, უკეთესად შეაფასონ სამედიცინო მტკიცებულებები და მიიღონ უფრო ზუსტი კლინიკური გადაწყვეტილებები.

4 ივლისს, ავთანდილ ჯორბენაძის მემორიალური რეზიდენტთა სამეცნიერო კონფერენცია გაიმართა.

კონფერენცია ჩატარდა აკად. გ. ჩაფიძის სახელობის გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრისა და ნ. ბოხუას სახელობის კარდიოვასკულარული ცენტრის ინიციატივითა და საქართველოს კარდიოლოგთა საზოგადოების უშუალო მხარდაჭერით. კონფერენცია უკვე მესამე წელია ტარდება და ყოველწლიურად აერთიანებს ახალგაზრდა ექიმებს, რეზიდენტებსა და დარგის წამყვან სპეციალისტებს, რაც ცოდნის, გამოცდილებისა და თანამედროვე სამედიცინო პრაქტიკის გაზიარების მნიშვნელოვან შესაძლებლობას ქმნის.

ღონისძიების მთავარი მიზანი ახალგაზრდა ექიმების სამეცნიერო საქმიანობის ხელშეწყობა, კვლევითი ინტერესის გაძლიერება, პროფესიული განვითარების, ანალიტიკური აზროვნების, სამეცნიერო პრეზენტაციისა და დისკუსიის კულტურის წახალისებაა.


წელს ჟიურიმ სამი გამარჯვებული გამოავლინა: მარიტა რუხაძე, რუსუდან პატარქალიშვილი და გიორგი ბაზერაშვილი.

საქართველოს კარდიოლოგთა საზოგადოების ინიციატივით სამივე გამარჯვებულს ESC-ის 2027 წლის კონგრესზე უფასო რეგისტრაციის საშუალება მიეცემა.

საქართველოს კარდიოლოგთა საზოგადოების სახელით ვულოცავთ გამარჯვებულებს და კონფერენციის ყველა მონაწილეს და პროფესიულ წარმატებებს ვუსურვებთ!

Comments are closed