დაგვიკავშირდით 0322 508 106

გარდაიცვალა ექიმი-კარდიოლოგი გულნარა ჩაფიძე

საქართველოს კარდიოლოგთა საზოგადოება ღრმა მწუხარებით იუწყება, რომ 93 წლის ასაკში, გარდაიცვალა კარდიოლოგი, მრავალი თაობის აღმზრდელი, მეცნიერი, პროფესორი, მედიკი – ბიოლოგიური აკადემიის აკადემიკოსი, საქართველოში ურგენტული კარდიოლოგიის და ინფარქტის განყოფილების დამფუძნებელი ქალბატონი გულნარა ჩაფიძე.

გულნარა ჩაფიძე 1975 წლიდან საქართველოში პირველ და საბჭოთა კავშირის მასშტაბით მესამე ინფარქტის განყოფილებას ხელმძღვანელობდა და მიოკარდიუმის მწვავე ინფარქტით დაავადებულთა სამედიცინო სამსახურის ყველა რგოლის ორგანიზებისა და განვითარების უშუალო ხელმძღვანელი და მონაწილე იყო, აღნიშნული პროფესიული საქმიანობისათვის 1984 წელს საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მიერ მას პირველი სახელმწიფო პრემია გადაეცა;

მისი პირადი ინიციატივით პირველად საქართველოში 1997 წელს დაარსდა გულის და სისხლძარღვთა კათეტერიზაციის ლაბორატორია და ჩატარდა პირველი სელექტიური კორონაროგრაფია და კორონარული სტენტირება, ხოლო 2001 წელს დააარსა კარდიოქირურგიული განყოფილება, სადაც ფართოდ დაინერგა გულის იშემიური დაავადების ქირურგიული მკურნალობა – აორტო-კორონარული შუნტირება, აგრეთვე, თანდაყოლილი და შეძენილი მანკების, გულისა და სისხლძარღვთა ანევრიზმების ქირურგიული მკურნალობა, ხოლო მომდევნო 2-3 წლის განმავლობაში ქირურგიული მკურნალობის არეალი წარმატებით გაიზარდა, რამაც მნიშვნელოვნად შეამცირა სიკვდილიანობა მიოკარდიუმის მწვავე ინფარქტის, სარქვლოვანი და სხვა სისხლძარღვოვანი პათოლოგიების დროს.

გულნარა ჩაფიძის ხელმძღვანელობით დაცულია მრავალი საკანდიდატო და სადოქტორო დისერტაცია კარდიოლოგიასა და თერაპიაში.

გულნარა ჩაფიძეს მიღებული აქვს მრავალი ჯილდო, მათ შორის 3-ჯერ სახელმწიფო პრემია, სსრკ საპატიო ნიშნის ორდენი, 1988, 1996, 1998 წწ -ში – ღირსების ორდენი; 1997 წელს კემბრიჯის უნივერსიტეტის ინტერნაციონალურ ბიოგრაფიათა ცენტრის ოქროს მედალი; გულნარა ჩაფიძის ბიოგრაფია შეტანილია ამავე უნივერსიტეტის ბიოგრაფიულ წიგნში, ტომი 11; 2004 წელს ამერიკის ინტერნაციონალურ ბიოგრაფიათა ცენტრის მიერ დასახელებულია XXI საუკუნის 2000 წარმატებულად მოღვაწე ქალბატონს შორის; 2005 წელს იგი მედიცინის დარგში წარდგენილი იყო აშშ ინტერნაციონალურ ბიოგრაფიათა ცენტრის „ნობელის ლაურეატის“ კანდიდატად; 2010 და 2016 წწ-ში ეწოდა საუკუნის ექიმი; 2011 წელს გადაეცა საქართველოს ეკლესიის უმაღლესი ჯილდო – წმ. სამების საპატრიარქო ტაძარში სრულიად საქართველოს კათალიკოს -პატრიარქის უწმინდესისა და უნეტარესის ილია II – ის მიერ დაჯილდოვდა „წმინდა გიორგის ოქროს ორდენით“ კარდიოლოგიის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის; 2012 წელს გადაეცა ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენი, ხოლო 2019 წელს საქართველოს პრეზიდენტის მიერ დაჯილდოვდა „თამარ მეფის ორდენით.“ 2017 წელს გულნარა ჩაფიძე თბილისის საპატიო მოქალაქედ დასახელდა.

გულნარა ჩაფიძე სხვადასხვა წლებში დაჯილდოებულია ქართული კარდიოლოგიის განვითარების, კარდიოქირურგიის შექმნისა და განვითარების, ქართული მედიცინის წინაშე განსაკუთრებული დამსახურებისთვის, აგრეთვე, კარდიოლოგიისა და მეცნიერების განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული ღვაწლისთვის

სრულიად საქართველოს კარდიოლოგთა საზოგადოება ქედს იხრის ქალბატონი გულნარა ჩაფიძის მიერ გაწეული კარდიოლოგიის განვითარებაში შეტანილი უდიდესი ღვაწლის და ფასდაუდებელი წვლილის წინაშე.

საქართველოს კარდიოლოგთა საზოგადოების მიერ დაწესდა გულნარა ჩაფიძის სახელობის ჯილდო, რომლის პირველი ნომინანტი საზოგადოების მომდევნო ყრილობაზე დასახელდება.

მშვიდობით, ქალბატონო გულნარა!

Comments are closed