დაგვიკავშირდით 0322 508 106

ევროპის კარდიოლოგთა საზოგადოების ყოველწლიური კონგრესი 2024

მიმდინარე წლის 29 აგვისტო – 2 სექტემბერს გაერთიანებული სამეფოს დედაქალაქ ლონდონში ჩატარდა ევროპის კარდიოლოგთა საზოგადოების ყოველწლიური კონგრესი, სადაც განხილული იქნა გაიდლაინების 4 განახლებული ვერსია და კარდიოლოგიის სხვა აქტუალური საკითხები.

მოგეხსენებათ, რომ საქართველოს კარდიოლოგთა საზოგადოების მხარდაჭერით და ინიციატივით მიმდინარე წელს ხუთმა ქართველმა კარდიოლოგმა მიიღო „Fellow of European Society of Cardiology” სტატუსი. კონგრესის პირველ დღეს ევროპის კარდიოლოგთა საზოგადოების სახელით სამახსოვრო სერტიფიკატები გადაეცათ ხათუნა ჯალაბაძეს, ზვიად კერესელიძეს, ნიკა ქურიძეს, მაია გოცაძეს და ნინო ჭაღიაშვილს „Fellow of European Society of Cardiology” სტატუსის აღსანიშნავად.

საქართველოს კარდიოლოგთა საზოგადოების ქართული კუთხე განსაკუთრებულ ინტერესს იწვევდა ჩვენს უცხოელ კოლეგებში, რომელთაც აინტერესებდათ ქართული კულტურა, ისტორია, ისინი სიამოვნებით აგემოვნებდნენ ქართულ ღვინოსა და ნუგბარს და გამოთქვამდნენ საქართველოში მოგზაურობის სურვილს. კარდიოლოგთა საზოგადოება მადლობას უხდის ჩვენს ახალგაზრდა კოლეგებს ჩვენი ქვეყნის განსაკუთრებული წარმოჩენისა და სტუმრების მიმართ გამოჩენილი ყურადღებისათვის.

შეგახსენებთ, რომ წელს უკვე მეორედ, ეგვიპტის კარდიოლოგთა საზოგადოებასთან ერთად მივიღეთ მონაწილეობა ეროვნული საზოგადოებების სესიაში, თემა ეხებოდა ენდოკარდიტის მართვის საკითხებს 2023 წლის განახლებულ გაიდლაინთან მიმართებაში. საქართველოს კარდიოლოგთა საზოგადოებას წარმოადგენდა უწყვეტი სამედიცინო და დიპლოსმიშემდგომი განათლებისა და ინტერვენციული კარდიოლოგიის სამუშაო ჯგუფების ხელმძღვანელები რუსუდან აგლაძე და ინტერვნეციულ კარდიოლოგთა ასოციაციის პრეზიდენტი ზვიად კერესელიძე. აღნიშნულ სესიას დაესწრო და ქართულ კუთხეს ეწვია საქართველოს ელჩის თანაშემწე გაერთიანებულ სამეფოში გიორგი საგანელიძე. მან თანადგომა და პატივისცემა გამოხატა კარდიოლოგიური საზოგადოების მიმართ.

ქართველი კოლეგები წარმატებით წარდგნენ მსმენელის წინაშე სხვადასხვა პლატფორმაზე. სასიხარულოა, რომ პროფესორი რუსუდან აგლაძე ხელმძღვანელობდა 2 სესიას – „გულის უკმარისობა – მედიკამენტური თერაპია და მულტიდისციპლინური დახმარება“; ხოლო მეორე სესია ეძღვენებოდა გულის უკმარისობით პაციენტებში ტელემონიტორინგისა და მულტიდისციპლინური დახმარების საკითხებს.

კარდიოლოგთა საზოგადოების გამგეობის წევრი, პროფესორი ირინა ჯაში მიწვეული იყო 2 სესიის თავმჯდომარედ. სესიები ეხებოდა „აუტოიმუნურ და ქრონიკულ ანთებით დარღვევებსა და გულის დაავადებებს“; მოდერირებულ სესიას თავმჯდომარეობდა ასოცირებული პროფესორი ნინო ჭაღიაშვილიც. სესიაზე განხილული იყო მულტიმოდალური მიდგომები გულის უკმარისობის დიაგნოსტიკისა და მონიტორინგის საკითხებში.

მოდერირებადი პოსტერების სესიაზე “ანტიარითმული ფარმაკოთერაპიის” საკითხი, კერძოდ, „წინაგულოვანი და პარკუჭოვანი ექსტრასისტოლური არითმიის დროს ეტაციზინის ეფექტურობისა და უსაფრთხოების პროსპექტული ანალიზი” განიხილა ნიკა ქურიძემ.

აღსანიშნავია, რომ ESC კონგრესის პერიოდში დაემთხვა ყოველწლიური მასშტაბური რბენა – დიდი ნახევარმარათონი ლონდონში, აღნიშნულ მარათონში ბრიტანეთის გულის ფონდის მორბენალ გუნდთან ერთად მონაწილეობა მიიღო ქართველმა კარდიოლოგმა გიორგი გოგიშვილმა. მან წარმატებით გაირბინა აღნიშნული დისტანცია 21 კმ და დაჯილდოვდა სპეციალური მედლით.

უნდა აღინიშნოს, რომ ყოველწლიურად კონგრესი მსოფლიოს ნებისმიერი ქვეყნიდან კარდიოლოგებს საშუალებას აძლევს გააფართოონ თავიანთი კონტაქტები, გაუზიარონ მოსაზრებებები კოლეგებს, გაზარდონ თავიანთი გამოცდილება, რაც უდავოდ სარგებელს მოუტანს მათ პროფესიულ წარმატებებს, მოახდეს სიახლეების დანერგვას პრაქტიკაში, პაციენტების ჯანმრთელობის საკეთილდღეოდ.

Comments are closed